29-11-2024 13:52:39 საზოგადოება ,სამართალი
28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული მომიტინმგეების ნაწილი მოინახულეს ადვოკატებმა.
როგორც განმარტავენ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს შესახლების პროცესურები და ამიტომ დაგვიანდა მათი მონახულება. ჯამში, როგორც შსს აცხადებს 43 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული მუხლით - ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებულებს აღენიშნებათ ძალადობის კვალი.
„მოვინახულე ოთხი პირი, მათგან სამს აღენიშნება დაზიანებები, ერთ-ერთ - მძმე თავის მიდამოში: თავზე აქვს 7-8 სანტიმეტრიანი ჭრილობა, რომელიც დამუშავებულია პირველადი სახით. არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ის იზოლატორმა არ დაიტოვოს და გადაიყვანოს „ვივამედში“,- თქვა ადვოკატმა.
იმავეზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი:
„შეურაცხყოფდნენ ადამიანებს, შემდეგ სვამდნენ ავტომანქანაში და გადაჰყავდათ სამმართველოში. უკვე შემდეგ ფორმდებოდა დაკავებოს ოქმები ისეთ პირებთან, რომლებიც ამ ადამიანებთან შემხებლობაში არ იყვნენ.
დაკავებულს, რომელიც მოვინახულე, სახეზე აქვს დაზიანება. კიდევ ერთი უნდა მომენახულებინა, მაგრამ ის, როგორც გავიგე, საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე დაზიანებებით“.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.