
თსუ-ის სტუდენტების ნაწილი: არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას
29/11/2024 09:58:34 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ არ ერთვება სააუდიტორო პროცესში და სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას მოითხოვს.
“გუშინ, 28 ნოემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ. ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება — ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა. სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს: ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს: თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს. დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთოეროვნული არჩევანი — ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა — ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ თსუ-ს სტუდენტები ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის მანძილზე.ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის,რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი.სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლადგავიმარჯვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს "საქართველოს უნივერსიტეტმა" და "კავკასიის უნივერსიტეტმა"
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.