კობახიძე მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ მადლობას უხდის შს მინისტრს
29/11/2024 10:31:17 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ მადლობას უხდის შს მინისტრს, სამინისტროს და პოლიციელებს, რომლებმაც მისი მტკიცებით, „პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე“.
„საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, - ამტკიცებს კობახიძე.
სტიქიურად აგორებულ პროტესტზე კობახიძე ამბობს, რომ „აქტიურობდნენ“ „ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ძალადობაზე პასუხისმგებლობა ფარტობრივად მომიტინგეებს დააკისრა და გაიმეორა, რომ პოლიცია პროპორციულობის დაცვის პრინციპით მოქმედებდა.
„იყო სისტემური ძალადობა, წინასწარ ორგანიზებული და შეკრების დაშლის დროს დაზიანდნენ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები“.
ასევე თქვა, რომ „გადაცდომებზე“ საჭირო იქნება რეაგირება.
„არსებითად, გუშინდელი მიტინგის დაშლის პროცესი შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს“,- ამტკიცებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის აქციების დაშლისას მომიტიმგეებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. საპოლიციო ძალები შსს-ს ძირითადად არაიდენტიფიცირებადი ფორმით ჰყავს წარმოდგენილი, რაც მოძალადე პოლიციელის გამოვლენას შეუძელებელს ხდის.


