
ნაცემი ჟურნალისტი: მთელი ქუჩა ცემა-ცემით ამიყვანეს - ხელიდან ხელში გადავდიოდი
29/11/2024 12:22:09 საზოგადოება
აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.
ის ყვება, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები:
"თავიდანვე ჩანდა, რომ აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მათ შორის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართაც. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, რაც სამართალდამცველის მხრიდან მოულოდნელია... ჩვენ კი მივეჩვიეთ წინა აქციების დაშლის დროს, მაგრამ გუშინ ეს თავიდანვე იგრძნობოდა. საკმაოდ მალევე მოვხვდი მათ ალყაში",- იხსენებს ჟურნალისტი "ფორმულასთან" და გამაგრძობს, "თითქოს უსაფრთხო ადგილას ვიყავი, მაგრამ რაღაც მომენტში გამოცვივდნენ და უცებ შემიტაცეს":
"მარტო იმას ვეუბნებოდი, რომ "ჟურნალისტი ვარ", მაგრამ პირიქით იმოქმედა. ეს უფრო ცემა იყო, ვიდრე დაკავება".
ჟურნალისტი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, შესაბამისად, ვერ აზუსტებს, რომელ დეპარტამენტს წარმოადგენდნენ:
"სულ სახეში მირტყამდნენ. მთელი ჭიჭინაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა ტერიტორია - მთელი ეს მონაკვეთი ამიყვანეს სულ ცემა-ცემით, ხელიდან ხელში გადავდიოდი, ყველა მირტყამდა. ვიღაცები მოდიოდნენ, რომ უბრალოდ დაერტყათ".