Accentnews.ge
რონდელის ფონდი: "პროტესტს ვუცხადებთ "ოცნების" დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია"

რონდელის ფონდი: "პროტესტს ვუცხადებთ "ოცნების" დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია"

29/11/2024 13:46:56 პოლიტიკა

"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი" (რონდელის ფონდი) მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, "ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია".

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად ნიშნავს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას, საბოლოოდ უარის თქმას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და კონსტიტუციას, რომლის 78-ე მუხლის თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს „ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს მიღებული არაერთი უსამართლო, რეპრესიული კანონის, დასავლეთის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიისა და ოკუპანტ რუსეთთან, ისევე, როგორც სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების შედეგად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძირი გამოეთხარა. ამას თან დაერთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების უხეში და მასობრივი დარღვევებით ჩატარება.ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის უკვე ოფიციალურად უარყოფა და ავტორიტარიზმის განმტკიცების მცდელობა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციასა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას უქადის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

ღრმად გვწამს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითა და მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მკაცრად ვგმობთ და პროტესტს ვუცხადებთ მმართველი პარტიის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ არის მიმართული და ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია.როგორც ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას არ მოწყდეს და რუსეთის დაქვემდებარებაში არ აღმოჩნდეს", – ნათქვამია რონდელის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.

რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.

"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.

მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.

შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S