
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
29/11/2024 15:01:47 საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.
"სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, ვაცხადებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის სისტემის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საფუძველია (მაგალითად: სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზალიბერალიზაციის, სერვისების მიწოდების ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციის, კვალიფიციური, სანდო მომსახურების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებში). ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი და აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.
ვაგრძელებთ მუშაობას იმ პასუხისმგებლობით, რაც აკისრია სააგენტოს და თითოეულ ჩვენგანს, რათა მოქალაქეები კიდევ უფრო სწრაფად და ინტენსიურად გრძნობდნენ იმ ცვლილებებს, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.
ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა." - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის [თბილისის დროით 19:00 სთ] 113 თანამშრომელი აწერს ხელს.
ცნობისთვის: 28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.
შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.