
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
29/11/2024 15:08:45 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
პროტესტი გრძელდება რეგიონების ნაწილშიც.
მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან.
აქციამდე შსს–მ დემონსტრანტები ისევ გააფრთხილა. შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
ცნობისთვის: 28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.
შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.