გერმანიის საგარეო: კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს არსებული კურსი
30/11/2024 06:43:15 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროში აცხადებენ, რომ "ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები საფრთხეშია" და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", "შეცვალოს არსებული კურსი".
- "ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს არსებული კურსი. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა საფრთხეშია", – განუცხადა "აქცენტს" გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა.
29 ნოემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კრისტიან ვაგნერმა აღნშნა, რომ გერმანიის ხელისუფლება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია.
- "გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და თუ ქვეყანა გადაწყვეტს მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება. რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს და ფაქტია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, რომ მათი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოვიდნენ და ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით თავშეკავებას და ძალადობაზე უარის თქმას", – განაცხადა კრისტიან ვაგნერმა პრეს–კონფერენციაზე.
ცნობისთვის: მესამე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.
28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.
შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.
29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.
საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.
დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.


