30-11-2024 15:48:32 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 29-30 ნოემბრის ღამის დარბევისას სამართალდამცველების მხრიდან "ცალკეულ ინციდენტებზე" საუბრობს, ხოლო დემოსნტრანტებს "სისტემურ ძალადობაში" ადანაშაულებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა მან 28-29 ნოემბრის მოვლენებზეც. ამგვარადვე პოზიციონირებდა გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან მიმართებაშიც - საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის არც ერთი ფაქტის გამოძიების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
30 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება კვლავ "ცალკეულ" და "სამწუხარო" ინციდენტებად შეაფასა, დემონსტრაციის მონაწილეები კი "ბრუტალურ ძალადობაში" დაადანაშაულა.
"ერთ მხარეს იყო ძალადობა, მეორე მხარეს იყო ინციდენტები", - ამგვარია კობახიძის შეფასება და პრესკონფერენციის განმავლობაში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გუშინდელი დემონსტრაცია "არ იყო მშვიდობიანი".
"ჩვენთვის ორივე მიმართულებით არის მიუღებელი ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა იყოს წარმართული ორივე მიმართულებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებს უწოდებს პოლიციის მხრიდან "ინციდენტს", ირაკლი კობახიძემ გამოყო შემთხვევა, როდესაც პოლიციელები ძირს დავარდნილ დემონსტრანტს წიხლს ურტყამენ.
"არ შეიძლება ამან არ აღგაშფოთოს", - თქვა კობახიძემ ამ შემთხვევაზე საუბრისას და დასძინა, რომ პოლიციელმა "გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას".
მან ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსა და "თითოეულ პოლიციელს", რომლებიც, მისი თქმით, "საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდნენ".
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მთავრობა დასავლეთთან ურთიერთობების "გადატვირთვას" ელის.
"მომდევნო რამდენიმე თვე იქნება შესაძლოა უფრო რთულიც, ვიდრე იყო ბოლო სამი წელიწადი", - დააანონსა პრემიერმა.
კობახიძის თანახმად, "ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ", სანამ აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება და უკრაინაში ომი დასრულდება. ის ომის დასრულებას "რამდენიმე თვეში" ელის:
"მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს".
კობახიძემ ბოლო ორი დღის აქცია "ნაცმაიდანის" მცდელობად შეაფასა. მან თავად გაავლო პარალელი იანუკოვიჩის უკრაინასა და დღევანდელ საქართველოს შორის და თქვა, რომ "2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და, რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს".
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების პროტესტის ორგანიზებაში ბრალი დასდო "შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს" დაკონკრეტების გარეშე.