30-11-2024 16:21:32 საზოგადოება
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულების მონახულების შემდეგ თქვა, რომ ისინი ანგარიშსწორებაზე საუბრობვენ.
„ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს!“- განაცხადა ომბუდსმენმა.
მან პოლიციელებს მოუწოდა, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არა ლინჩის წესით:
„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია! ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები”.
მან მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციებისგან განსხვავებით, სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე:
„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”.