იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს: "ვემშვიდობები საგარეოს"

30-11-2024 19:57:51 პოლიტიკა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ვეკუამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.

დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის, იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტარცები. ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს... მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის“, - წერს ირაკლი ვეკუა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მესამე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.

28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.

რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.

"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.

მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.

შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.

დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

30 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები