OSCE/ODIHR: ვგმობთ საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას

30-11-2024 20:01:03 საზოგადოება

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი" (OSCE/ODIHR) "შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს სამართალდამცავების ქმედების გამო" და მიაჩნია, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას არღვევს“.

"სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებენ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი შეკრების უფლება კი არის თავისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“, – ნათქვამია OSCE/ODIHR–ის განცხადებაში.

OSCE/ODIHR–ის განცხადებით, "სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული".

„ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში უზრუნველყოფის ვალდებულება ეუთოს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო.OSCE/ODIHR რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავიანთ ვალდებულებებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებასა და ყველა სხვა ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: მესამე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.

28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.

რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.

"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.

მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.

შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.

დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

30 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები