პრეზიდენტი: "ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო, შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, რომ საქართველო ვინმემ დააბრუნოს რუსეთში"

30-11-2024 20:37:28 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე – რომ არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში"

„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე - რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისი ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა - აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: მესამე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.

28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.

რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.

"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.

მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.

შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.

დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

30 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები