პრეზიდენტი – მოსახლეობას: "იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ ქუჩაში"
30/11/2024 16:55:34 პოლიტიკა
„იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს! ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს.
ცნობისთვის: მესამე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.
28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.
შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.
29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.
საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.
დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
30 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.


