"დემოკრატიის კვლევის ცენტრი": 28-29 ნოემბერს ჯამში 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად

30-11-2024 22:13:25 საზოგადოება

დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 29-30 ნოემბრის აქციაზე, გვიან ღამით, განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები".

"საპოლიციო ძალებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულები, მშვიდობიანი აქცია, დაახლოებით 00:00 საათზე იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით კანონმდებლობის უხეში დარღვევით დაშალეს. მიუხედავად აქციის მონაწილეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებისა, დემონსტრაციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი, რაც მისი დაშლის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.

აქციის დარბევის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული ღონისძიებები ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, უწყების სახელმძღვანელო ინსტრუქციასა და საერთაშორისო სტანდარტებს:

შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქცია ასევე კრძალავს არალეტალური იარაღის გამოყენებას ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ, ასევე, სხეულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში (თავში, კისერში, მუცელში, გენიტალიებში). გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მისამართით, რეზინის ტყვიები უკანონოდ გამოიყენა.

ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მკაცრად რეკომენდებულია არ მოხდეს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ერთდროულად გამოყენება. წყლის ჭავლი (განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურის დროს) და ცრემლსადენი გაზი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად, ძალადობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე. 28-29 ნოემბრის აქციის დარღვევის მსგავსად, წყლის ჭავლში გარეული იყო ცრემლსადენი გაზი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს 21 ოქტომბრის განცხადებით თავად დაადასტურა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ფიზიკურად უსწორდებიან. ორგანიზაციის ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს ჯამში 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

საპოლიციო ძალები 30 ნოემბრის გათენებამდე აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. საერთო ჯამში, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია. მათი ნაწილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

იძულებითი ღონისძიებების გამოყენების მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი წესრიგისა და თავად დემონსტრანტთა დაცვაა. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული მეთოდები ცხადყოფს, რომ მათი მთავარი მიზანი, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების ფიზიკური ანგარიშსწორება, დაშინება და რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს:

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს - არ შეასრულონ უკანონო ბრძანება. იხელმძღვანელონ საქართველოს კანონმდებლობით და პროფესიული ღირსებით.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები