თედო ჯაფარიძე: "ოცნების" გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა
30/11/2024 18:54:26 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თედო ჯაფარიძე ყველა იმ მოქმედ დიპლომატს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" გაემიჯნენ, მხარდაჭერას უცხადებს.
იგი მიიჩნევს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა".
"სრულად ვუჭერ მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
ხელისმომწერთაგან ბევრი ჩემი უმცროსი კოლეგა თუ სტუდენტი იყო, ვისთან ერთადაც, სამი ათწლეულის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი სირთულითა და დიდი ძალისხმევის ფასად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ურთულესსგზაზე წინ მივიწევდით დიდი პატივით მინდა გავიხსენო დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატთა პირველი თაობა.
ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ევროპისაკენ, რასაც დიპლომატების რამდენიმე თაობამ პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, მინისტრებთან, სხვა საჯარო მოხელეებთან და, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ათწლეულების შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია.
ეს ჩემთვის ახლა განსაკუთრებით მძიმე სანახავია.
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ დიპლომატებს და იმედი გამოვთქვა, რომ განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს.
მეგობრებო, სწორედ ახლაა დრო, თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროთ! არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!",– აცხადებს თედო ჯაფარიძე.


