
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს
30/11/2024 20:59:30 საზოგადოება
პარლამენტის უკანა შესასვლელთან შსს-ს საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას ისვრიან. აქციის მონაწილეების ნაწილს - ქალებს ხელში ხატები უჭირავთ.
მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტისგამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონითგათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა".
“აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროტესტი გამოეხატათ მშვიდ ვითარებაში, თუმცა საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერების საშუალებით ნათლად ხედავს, რომ შეკრებილები მასიურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.