
საპოლიციო ძალები ინტენსიურად იყენებენ სპეცსაშუალებებს
30/11/2024 22:30:37 საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები ინტენსიურად იყენებენ სპეცსაშუალებებს.
დემონსტრანტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ უჭირთ სუნთქვა და ხშირად სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
ცოტა ხნის წინ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ დემონსტრანტებს, რომლებმაც ქაშუეთის ეზოს შეაფარეს თავი. ისინი კელიაში შეიყვანეს სასულიერო პირებმა და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფთან მეგობრებმა მიიყვანეს. მას თავის არეში აქვს დაზიანება:
„მოვრბოდით, სპეცრაზმელმა ჩაარტყა და დამეცა ზემოდან... ოთხჯერ გაითიშა და ძლივს მოვასულიერეთ! აი, ამათ მინდა, ვუთხრა, სულ ბიძინა ხომ არ ეყოლებათ?“ - უთხრა აღშფოთებულმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს.
პარალელურად, პერიოდულად გრძელდება დევნა-დაკავებები. ფიქსირდება ძალადობის ფაქტები. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.
პარლამენტის წინა ტერიტორია ამ დროისთვის საპოლიციო ძალებს აქვთ დაკავებული. მათ ასევე გაწმინდეს დემონსტრანტებისგან ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩები. დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს "თბილისი მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ აღმართული აქვთ ბარიკადები.