პრემიერი – "საზოგადოებრივ მაუწყებელზე": ტელევიზიებში შეჭრა "ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ხელწერაა
01/12/2024 10:33:48 პოლიტიკა
პრემიერი–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 30 ნოემბერს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" "ნაციონალური მოძრაობა" "შეიჭრა".
„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო "საზოგადოებრივ მაუწყებელში" "ნაციონალური მოძრაობის" შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შეჭრილ "ნაციონალებს" მინდა, მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია "ნაციონალის" ნამდვილი სახე. ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
პროტესტის შემდეგ 30 ნოემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო. აქციის მონაწილეების თქმით, პირველი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები მიმდინარე მოვლენებს არ აშუქებენ და მათ არც პირდაპირ ეთერს უთმობენ, რის გამოც, ისინი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან შეიკრიბნენ და არხის ხელმძღვანელობისგან პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.


