"აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით" - მაია სანდუ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა
01/12/2024 14:09:56 პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
პლატფორმა X-ზე მაია სანდუ წერს, რომ საუბრისას გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი და, ასევე, აღფრთოვანება „მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ“.
„მოლდოველებსა და ქართველებს საერთო მისწრაფება აქვთ მშვიდობიანი, კეთილდღეობით აღსავსე მომავლისა ევროკავშირში“, - წერს იგი.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. მას შემდეგ - 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციები იმართება. აქციები იმართება რეგიონებშიც.


