
დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს
01/12/2024 16:26:06 საზოგადოება
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განუცხადეს.
დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა,ქუჩაში აქციებს მართავს, ასევე დაეთმოს ეთერი ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ამას გარდა, დემონსტრანტები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომასაც მოითხოვენ. როგორც დემონტრანტები აცხადებენ, უნდა გადადგეს ყველა ის ადამიანი, ვინც, სიცრუეს ტირაჟირებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერიდან.
"საზოგადოებრივ არხზე" საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მოითხოვოს, შევიდეს პირდაპირ ეთერში, ოღონდ სტუდიაში. ელემენტარულად, ხალხის პატივისცემაა, როცა საზოგადოებრივი არხი ეთერს უთმობს ხალხს. გუშინ თინათინ ბერძენიშვილი დაჰპირდა ხალხს, რომ აბსოლუტურად ანალოიური ფორმატის იქნებოდა დღესაც ეთერი და ეს არ გააკეთა", - უთხრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს "ფორმულას" ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ გზას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახსნიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.