
ვაჟა სირაძე: უკვე 2 პირია დაკავებული, ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უმკაცრეს ზომებს
01/12/2024 16:55:41 საზოგადოება
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.
მისი თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს.
"დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია და მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მიმდინარეობის პერიოდში ყოველთვის დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე, ფაქტო ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შედეგადაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. აქცია სულ რაღაც 40 წუთია, მაქსიმუმ ერთი საათია, რაც დაიწყო და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი”, - განაცხადა სირაძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებმა "მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი".
"გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში ყველა ვხედავთ, გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიცია მზად არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთთ. ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.