პრეზიდენტი: საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი, არამედ ეს ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი პარტნიორებისგან ნდობას უბრუნებს
01/12/2024 17:39:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილის განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიურია.
"მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა და მე მაქვს ყოველდღიურად საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, ეს უბრუნებს ჩვენს საგარეო დიპლომატიურ ტონს, უბრუნებს კორპუსს, უბრუნებს ნდობას ჩვენი პარტნიორებისგან იმიტომ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, ელჩები და საელჩოები მუშაობდნენ პრემიერის განცხადების მერე, ვითომც არაფერი მომხდარა და ის, რომ არის ესოდენ დიდი რეაქცია საგარეოში, არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


