
სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი: ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, სუფთა რუსული დამოკიდებულებაა!
01/12/2024 21:00:27 საზოგადოება
სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონ ცაკაშვილმა საკვირაო ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
"როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიტიკოსის შვილი რომ იდგეს იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაა გამოსული, ვინმე თავის შვილს ესვრის, თავის შვილს გალახავს? სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთმანეთის შვილებს არარაობად მივიჩნევთ! რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მთავარი მონაწილეები ამ ძალადობისა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ დავალებას. იმისთვის სხვა სამყარო არ არსებობს. ისიც ადამიანია, ისიც ქრისტიანია, სადაც შეიძლება ეკლესიის სადღეგრძელოსაც ამბობენ, ქვეყნის, მშობლების, შვილების, მაგრამ გამოვლენ ამ დროს და სასიკვდილოდ შეიძლება გაიმეტონ ქართველი ერის ის გენოფონდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ! ოდითგან საქართველო თავს იცავდა სხვადასხვა ურჯულოებისგან. დღეს ქართველი ქართველს ებრძვის და ვერ გაძღა ქართველი კაცი ერთმანეთის ჭამით, ხოცვა -ჟლეტით! მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება, საქციელი ახალგაზრდების მიმართ, სუფთა რუსული დამოკიდებულებაა!",- თქვა სასულიერო პირმა.