
"არ შეგეშინდეთ!" - აქცია იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ირაკლი კობახიძეს ელოდებიან
02/12/2024 08:21:19 საზოგადოება
ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას ელოდებიან.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კობახიძე გეგმავს შეხვედრის გამართვას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბთან. მანამდე საგარეო უწყების მოქმედმა თანამშრომლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც გაემიჯნენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე. თანამდებობა დატოვა რამდენიმე ელჩმაც. საჯარო განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
აქციაზე იმყოფებიან ყოფილი დიპლომატებიც.
"სავარაუდოდ, დღეს მისი მოსვლის მიზეზი იქნება, წარადგინოს ახალი მინისტრი და მცდელობა ექნება, მოახდინოს მათზე გავლენა, რათა განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა არ გაიზარდოს, ხოლო ხელმომწერებმა უკან დაიხიონ. ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ ხალხს. გვიხარია, რომ საგარეოა პროცესის ინიციატორი - აქედან დაიწყო სახელმწიფო უწყებებში სრულიად მართებული წინააღმდეგობა. გვინდა, ვუთხრათ, რომ არ შეეშინდეთ. ისინი მართლები არიან უპირველესად, საკუთარ თავთან, საკუთარ სამშობლოსთან და ყურადღება არ უნდა მიაქციონ იმას, რას გააკეთებს კობახიძე, რადგან ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში რაღაც ფუნქცია ჰქონდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს",- თქვა გიგი გიგიაძემ.