
"დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ, შემომიერთდნენ!" - ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი
02/12/2024 09:13:33 საზოგადოება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქელაძე ამბობს, რომ იფიცება და სხვებს მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ.
მისი თქმით, დღეს საქართველო ოკუპანტი ქვეყნის კარნახით იმართება.
"მე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ:
დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, შემზარავია იმის ყურება, თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს!
ასე ვერ გაგრძელდება! ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ, შემომიერთდნენ!
აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია!" - წერს ის სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას.