
"იმის გამო, რომ დამარტყეს, არ ვაპირებ, გავჩერდე" - მაისაშვილმა კლინიკა დატოვა
02/12/2024 11:25:05 საზოგადოება
ახალგაზრდა კაცმა - ზვიად მაისაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოს მეშვეობით გაიცნო, რომელიც ასახავს პოლიციელის მხრიდან მასზე ძალადობის კადრს, კლინიკა დატოვა. მისი ძმა პატიმრობაში რჩება. მას ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმი წოლით რეჟიმს მოუხსნის, აქციებზე კვლავ გავა.
იხსენებს მასზე ძალადობის მომენტსაც.
"ერთი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო ძირს. შემდეგ გარშემო პოლიციელები იყვნენ და მირტყამდნენ - ეს მომენტი კადრებში არ ჩანს. გავითიშე იმ მომენტში, როდესაც მირტყამდნენ. კადრებში რაც ჩანს, იმ მომენტში უკვე გათიშული ვიყავი და საერთოდ არ მახსოვს.
როგორ უნდა გააკეთო ეს ადამიანმა, არ მესმის - როდესაც ძირს გდია ადამიანი, გათიშულია, ისედაც წინააღმდეგობას ვერ გიწევს და ფეხს ურტყამ, არ ვიცი... სჯობს თავისი თავი წარმოიდგინონ ხოლმე სხვა ადამიანის ადგილზე...მაგრამ არ მგონია, რამე ეშველოთ...
"აქციაზე ყოველთვის დავდიოდი და ახლაც იმის გამო, რომ დამარტყეს, არ ვაპირებ, გავჩერდე",- თქვა მაისაშვილმა "ტვ პირველთან".
30 ივნისს გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც მიწაზე გულაღმა ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წევს სახის არეში ორჯერ ურტყამს წიხლს. კაცის დახმარებას მომიტინგეები ცდილობენ.