
მედიათეკების დირექტორი: კალაძის გაღიზიანების მოტივით სამსახურის დატოვება მომთხოვეს
02/12/2024 15:12:10 საზოგადოება
„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ აერთიანებს თბილისის მედიათეკებს. ორგანიზაციული ფორმით, ეს ორგანიზაცია თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.
კერძოდ, მაჭარაშვილის ცნობით, ის 2 დეკემბერს დაიბარა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ორი მოტივით:
„დასახელდა მოტივი, რომ ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს; დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს“, - ამბობს მაჭარაშვილი.
„ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი და ამბობს, რომ განცხადების დაწერას არ აპირებს.
გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორც თავად აცხადებენ, 2028 წლამდე და პროევროპული დემონსტრაციების დარბევა.
„არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას და მზად ვარ ჩემი უფლებების დასაცავად. მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს“, - ამბობს მედიათეკების ხელმძღვანელი.
„აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის“, - ამბობს ნინია მაჭარაშვილი.
ერთი დღით ადრე კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა".