საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
02/12/2024 17:06:34 პოლიტიკა
საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.
მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იგი არ მიიწვიეს.
"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას.ვისაც ტექნიკურად ხელგეწიფებათ დამამატეთ:ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - საგანგებო დავალებათა ელჩი", – წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და უწყების თანამშრომლებს შეხვდა. მან „ქართული ოცნების“ მიერ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძის მისვლას წინ უძღოდა უწყების მოქმედი თანამშრომლების ნაწილის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი შემდეგს აცხადებენ:
"მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი".
განცხადებას ამ დროისთვის [თბილისის დროით 21:00სთ] 242 პირი აწერს ხელს.


