
ვაჟა სირაძე: "ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა"
02/12/2024 18:32:07 სამართალი
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა "თავიდანვე დაეწყო ღონისძიება და გამოეყენებინა პროპორციული ძალა, რადგან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.
“ბოლო დღეებია, აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, როგორც დავინახეთ, აქციის თავშივე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლას, პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა. ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის ტერიტორიაზე და იგერიებდნენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეებისგან ჰქონდა ადგილი. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები. მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი და სჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობის რამდენიმე ადგილი დაწვეს, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგაა, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მისივე თქმით, "გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც კი ჰქონდათ".
„რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ ანახებთ, თუ ვინმეს რაიმე დაზიანება აქვს, მე საუბარი მაქვს მოქალაქეებზე, ძალიან ცუდი ფაქტია. არცერთ პოლიციელს, არც საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ როდესაც ხდება ღონისძიება, პოლიციური ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევას, პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიღაც მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება, მაგრამ თუ რაიმე სახის გადაცდომა არის, შესაბამისად, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ზომებს. არავითარი რუსეთი არ არსებობს, პოლიციელები არსებობენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და არსებობს სტრატეგიული შენობა, რომელსაც ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სახელმწიფო და მივიღებთ შესაბამის ზომებს, ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც კი ჰქონდათ, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ“, – განაცხადა სირაძემ.
2 დეკემბერს – საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა.
არაერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოყენეს ე.წ. გაზის კაფსულები. არიან დაშავებულები.
დაშლამდე შსს–მ დემონსტრანტები გააფრთხილა.