გახარია: მინდა, მოვუწოდო ივანიშვილს - სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა!
03/12/2024 11:49:06 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ შენიღბული, დემონსტრანტების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და მათ დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული.
ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, შეაჩეროს ძალადობა.
"არაპროვოცირებული ძალადობამშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა.
ჩვენდა საუბედუროდ, ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა თბილისის ქუჩებში ძლადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგუსწორდებიან მათ ფიზიკურად, ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავთ, ზოგი გადაყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში",- აღწერა ვითარება გახარიამ.
მისი თქმით, ეს მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება:
"ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს. არიან ახალგაზრდები, დაზარალებულები, რომელთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ არ ვიცით, რამდენია ასეთი, სად იმყოფებიან ისინი დღეს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ."
ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მოხსნას ნიღბები, რადგან დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს:
"მინდა, მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა დამინისტროს წარმომადგენლები. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს".
ამასთან, მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, "ბოლოს და ბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების მათი რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია" და შსს-ს - "ადამიანების შესახებ, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია - სად არიან, რა მდგომარეობაში, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ".
"ის რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა".


