
იმერლიშვილი - საკონსტიტუციო სარჩელზე: ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად
03/12/2024 12:45:36 პოლიტიკა, საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მის მიმართ კრიტიკას არჩევნებზე პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელის წარმოებაში არ მიღებაზე.
იმერლიშვილი ამბობს, რომ იხელმძღვანელა მხოლოდ "კანონმდებლობის შესაბამისად"
"საქართველო ევროპაა!!!ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს "ნაციონალების" მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ "ოცნების" მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც "ნაციონალი" ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება. ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს. მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლემოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართვრლოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად",- წერს იმერლიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს საკონსტიტუციომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები წარმოებაში არ მიიღო. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. პლენუმმა გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღო.