ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებას: დემოკრატიული ნორმებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა დააზიანებს ურთიერთობებს ქვეყნის პარტნიორებთან
03/12/2024 14:22:40 პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან".
"ქართველი ხალხი ცხადყოფს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას. ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბოლო დღეებში გრძელდება. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.


