
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას
03/12/2024 15:31:24 საზოგადოება
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი 25-ზე მეტი კომპანია ემიჯნება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას.
ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეწინააღმდეგება მოსახლეობის მისწრაფებას, „ვიყოთ ევროპის ნაწილი“.
„საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები ვემიჯნებით საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას და დაკავებას. მოვითხოვთ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენი კოლეგისა და მეგობრის - გიორგი ოკმელაშვილის. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელიც ევროპაში და ევროატლანტიკურ გაერთიანებაშია!“ - წერია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ABK, Betterfly, Brand Me, Brand Rabbit, Clipart, Creative Culture, FCB Artgroup Tbilisi, GEPRA, Hans & Gruber , Kraken, Leavingstone , Looper Agency, Matter, Maverik, Mozaika, Ogilvy Georgia, Palindroma, Playmakers, PBD, Agency, Quick, Redberry, Saatchi & Saatchi Tbilisi, Simple Steps, Socialsharks, VAVAVA, Watergunz, Windfor’s.
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.