
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც
03/12/2024 15:42:29 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
პროევროპული აქციები გრძელდება ქვეყნის სხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.
"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- აცხადებს სახალხო დამცველი.