ხმალაძე: ვერ დავეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი, არა ბატონებო, დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი
03/12/2024 15:50:53 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გამართლება არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის რეალური დაცვა დღეს შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი ამას გააკეთებენ.
„დღეს წავიკითხე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში. მან ეს არ გააკეთა. ამ განჩინებამ ჩემზე დატოვა ასეთი შთაბეჭდილება - მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ანუ დასაშვებად არ უნდა ეცნოთ ის ორი კონსტიტუციური სარჩელი და შემდგომ, შეეცადნენ რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, გამართლება არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირს დროს. სამწუხაროდ, იგივე ვნახე დღესაც. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა უარი თქვა კონსტიტუციის დაცვაზე და დღეს ვინ დაგვრჩა კონსტიტუციის დამცველად კონსტიტუციური ინსტიტუტებისაგან? ერთ რამეში ვერ დავეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი - პრეზიდენტის. არა ბატონებო. დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი. ეს არის ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო და კონსტიტუციის რეალური დაცვა დღეს შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს. იმედი მაქვს ისინი ამას გააკეთებენ," - განაცხადა ხმალაძემ.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. მათი დასაბუთება ჯერ არ არის ატვირთული სასამართლოს ვებსაიტზე.


