პირველი არხი მზადაა, ეთერი დაუთმოს დისკუსიას კობახიძე-პაპუაშვილსა და ხიდაშელ-ჯანელიძეს შორის
03/12/2024 18:25:36 პოლიტიკა
საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკუსიას "ქართული ოცნების" ყოფილ მინისტრებთან. დებატები ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიგეგმა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და 4 დეკემბერს, 16:00-ზე დებატებისთვის ითხოვა ეთერი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა.
ამ განცხადებას "ფეისბუქზე" თანხმობით გამოეხმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. დებატებზე თანახმაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
2 დეკემბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას და „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.
"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- აცხადებს სახალხო დამცველი.


