ექიმი: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!

04-12-2024 00:18:04 საზოგადოება ,კომენტარი

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!,- მოითხოვს ცნობილი ექიმი გიორგი კამკამიძე.

როგორც კამკამიძე განმარტავს, "ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა „ტოქსიური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის“.

"ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.

ექიმი მიუთითებს, რომ "CDC-ს ინსტრუქციებში (*) ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ. ყოველდღიურად ვხედავთ „წიწაკის სპრეის“ პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებებდამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთვას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიური ქიმიური აგენტები".

ექიმი თვლის, რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:

• Chloroacetophenone (CN)

• Chlorobenzylidenemalononitrile (CS)

• Chloropicrin (PS)

• Bromobenzylcyanide (CA)

• Dibenzoxazepine (CR)

• "აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ ლაივშიც ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:

• სიბრმავე

• გლაუკომა - თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,

• უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,

• სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

ექიმი განმარტავს, რომ „ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ „თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს".

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - ჭყლის ჭავლი, გაზის კაფსულები, წიწაკის სპრეი; დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები. ოფიციალური ინფორმაციით, 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით დაკავებული იყო 300-მდე ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები