ჯანელიძე - დაანონსებულ დებატებზე: არავის სახელით არ ვსაუბრობ, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი
04/12/2024 07:09:59 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი მისვლის ერთადერთი მიზანია, რომ ადამიანებთან, რომლებიც "რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი".
აქვე აღნიშნავს, რომ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საკითხზე პირველი არხიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.
„1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.
2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.
3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.
4. ძალაერთობაშია!“,- წერს ჯანელიძე.
მანამდე პირველმა არხმა განაცხადა, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკუსიას "ქართული ოცნების" ყოფილ მინისტრებთან. დებატები 4 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიგეგმა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და 4 დეკემბერს, 16:00-ზე დებატებისთვის ითხოვა ეთერი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა.
ამ განცხადებას "ფეისბუქზე" თანხმობით გამოეხმაურა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. დებატებზე თანახმაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. თუმცა აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
2 დეკემბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას და „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.


