ლანდსბერგისი - სანქციებზე: ახალი უმაღლესი წარმომადგენელი მზადაა, წარადგინოს ვარიანტების სია
04/12/2024 08:27:38 პოლიტიკა
ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი მზადაა, წარადგინოს ვარიანტები, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს. მანამდე ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს მაღალჩინოსნებს, "ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს". სანქციების თაობაზე მზაობა გამოთქვა კანადამაც.
ლიეტუველი დიპლომატი იმედოვნებს, რომ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება ბიძგს მისცემს ევროპის დანარჩენ ქვეყნებს.
ამასთან, მისი თქმით, დამატებითი ზომების შესახებ მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს.
"თავად ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების განცხადება ერთია, მაგრამ მანამდე იყო ქმედებები - "ქართულმა ოცნებამ" და საქართველოს მთავრობამ გადადგეს მრავალი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეთქვათ ევროპელებისთვის, რომ მათ აღარ აქვთ სურვილი, იყვნენ ევროპის ნაწილი. მათ რეალურად აჩვენეს, თუ რის გაკეთებას ცდილობენ - ისინი ცდილობენ, საქართველო გადაიყვანონ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან.
რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ ძალადობის დონე, რომელსაც პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ, მიუღებელია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამას უნდა მოჰყვეს, სულ მცირე, გზავნილი და მოხარული ვარ, რომ ბალტიის ქვეყნებმა შევათანხმეთ გარკვეული სია. ვიცი, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბიძგი სხვა ევროპელი მოკავშირეებისთვის, მათაც იგივე გააკეთონ. დამატებითი ზომების და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ევროპულ დონეზე. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმსჯელობთ. საქართველო იქნება განხილვის თემა საგარეო საბჭოს მორიგ სხდომაზე. ახალი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მზადაა, წარადგინოს ვარიანტების სია, თუ რა უნდა იყოს მიღებული ამ მიმართულებით",- თქვა დიპლომატმა.


