Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე აშშ–ის საელჩოს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე აშშ–ის საელჩოს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

04/12/2024 10:44:27 პოლიტიკა

პრემიერი–მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ–ის საელჩოს "ქარდების" გამოქვეყნების გამო ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

"ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის დაღვევა. თავის დროზე ეს "ქარდები" იდებოდა არჩევნებში ჩასარევად – არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისათვის და ახლა უკვე ეს "ქარდები" იდება იმისათვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს "ქარდები" იდება მიმდინარე სისტემური, უხეში ძალადობის ფონზე და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს "ქარდებიც" იქნება აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ "ქარდებში". ვიმედოვნებ, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენისგან, რაც საელჩოს საქმიანობას არასწორი მიმართულებით წარმართავს", – ასე გამოეხმაურა იგი აშშ–ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ "ქარდებს".

მანამდე, მან აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა":

„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან. არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს ამის გამო, ეს მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად".

ცნობისთვის: ზედიზედ, სამი დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ორ და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

2 დეკემბერს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. ქარდი გზავნილით: „ყველაფერი გასაგებია“.

ამ გზავნილს კი 3 დეკემბერს მოჰყვა კიდევ ერთი მიმართვა: „ნუ აბრალებთ სხვას“. „ყველაფერი გასაგებია ლიდერობა ღირსებით?“, – ასე გამოეხმაურა 4 დეკემბერს საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“.

თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S