ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა
04/12/2024 11:01:35 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.
"გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში იგი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება შექმნილი ვითარების გამო. მან ასევე მოუწოდა ყველა შესაბამის მხარეს, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.
ვინაიდან საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს შედის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოსვლას აპირებს", – ნათქვამია განცხადებაში.


