ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: ვთხოვ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო დააკავეს
04/12/2024 12:41:56 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო დააკავეს".
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დემონსტრანტის მხრიდან ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილი, ეს მაინც არ ამართლებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას.
- "სერიოზული შეშფოთებით ვადევნებ თვალს პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობებს ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას", – აცხადებს იგი.
ო'ფლაერტი ციტირებს სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დემონსტრანტების უმეტესობას "სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, თვალისა და თავის არეში, რაც მიუთითებს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე".
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ "მინიმუმ 35 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაექვემდებარა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაბრკოლებას პროფესიულ მოვალეობებში".
- "მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის აქტებს ზოგიერთი დემონსტრანტის მხრიდან, ეს არ ამართლებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. რაც შეეხება ცნობებს, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ფართოდ გამოყენების შესახებ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და მისი გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. დარბევა ასევე უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, შესაბამისი დეესკალაციის ძალისხმევის შემდეგ. მშვიდობიანი დემონსტრანტებმა უნდა შეინარჩუნონ თავისუფლად შეკრების უფლება.
აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისა და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ყველა ბრალდება იყოს პროაქტიულად გამოძიებული და დადგეს ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
გარდა ამისა, ყველა სამართალდამცველმა უნდა ატაროს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ფორმები, რათა ხელი შეუწყოს ძალადობის ჩამდენ პირთა დევნას და სანქციებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით.
- მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ საზოგადოებრივი შეკრებების გაშუქება თავისუფლად და უსაფრთხოდ. მე გავაგრძელებ სიტუაციის ყურადღებით დაკვირვებას და ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია ო'ფლაერტის განცხადებაში.


