ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არც თინა ხიდაშელი მიიღებს
04/12/2024 13:39:55 პოლიტიკა
“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებზე არც თავდაცვის ექს–მინისტრი თინა ხიდაშელი მიდის.
„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
- ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ.
- იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას.
საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე, როდესაც მას უთხრეს საქართველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ჰყვებიან:
- პოლიციელების ძალადობის შესახებ,
- "დუბინკებით" გაუპატიურების მუქარის შესახებ,
- გოგონები ჰყვებიან როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა
იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა საღამოს მადლობას უხდი თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ უბრალოდ კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე უფრო მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.
მთავარი სათქმელი ეს არის:
- შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…
- აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით...
ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს”, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
მანამდე, დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.


