კობახიძე – პოლიტიკური პარტიების ნაწილის ოფისებსა და აქტივისტების სახლებში ჩხერკაზე: ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები
04/12/2024 14:20:30 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ნაწილის ოფისებისა და აქტივისტების სახლების პოლიციის მიერ ჩხრეკის შემდეგ აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“.
„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
კითხვაზე, "არიან თუ არა პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან", პრემიერმა უპასუხა, რომ "პიროტექნიკით ადამიანების სისტემურად მომარაგება ხდებოდა, სწორედ, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ".
„რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე“,- განაცხადა პრემიერმა.
4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, ასევე – სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის სახლებში. დააკავეს რამდენიმე პირი.
შსს-ს მიმდინარე მოვლენებზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


