
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა: "პოლიტიკოსებიდან ყველა რომ დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ"
04/12/2024 18:26:58 პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დასრულდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, განაგრძონ პროტესტი მას შემდეგაც, თუ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერენ.
"ყველა პარტიის თუ კოალიციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არავის ეშინია არც ოფისების დარბევის და არც დაპატიმრების. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას, მათ შორის სამართლებრივ დახმარებას, ეს რამდენადაც შესაძლებელია ასეთი რეჟიმის პირობებში. მთავარი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება. არავინ გაჩერებას არ აპირებს და რაც მთავარია, გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას არის ის,რომ აქ ვინც იყო შეკრებილი და ვინც კიდევ აქ არ იყო, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით "საყოველთაო დაუმორჩილებლობა" უნდა გამოცხადდეს:
"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ველოდით, თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას და კიდევ ერთხელ ერთიანობას. დავიცავთ თითოეულ ახალგაზრდას და დარწმუნებული ვართ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არამხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ, საყოველთაო დაუმორჩილებლობა - გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის".
4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს", ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები".