
ადვოკატი: გვარამიას დაკავებისას მუცელში ურტყამდნენ, რის გამოც გაითიშა
04/12/2024 21:09:42 საზოგადოება
ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, გვარამია რამდენიმე წამით გაითიშა.
„მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით, ის გაითიშა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს“, - უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“.
საძაგლიშვილი ასევე ამბობს, რომ გვარამიამ „შემთხვევით მოკრა ყური პოლიციელების საუბარს“, საიდანაც გაიგო, რომ იგი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო 48 საათში უნდა გაიმართოს.