05-12-2024 07:34:01 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს.
„შეერთებული შტატები 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება ჩვენს საერთო სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და სურვილს, დავინახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა საქართველოს განევითარებინა ეკონომიკა, გაეუმჯობესებინა განათლების სისტემა, გაეზარდა თავდაცვის შესაძლებლობები და გაეფართოებინა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით“, - აცხადებს ბლინკენი და დასძენს, რომ „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ამაზე“.
„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - პასუხს აგებენ. გარდა იმისა, რომ, როგორც ადრე გამოვაცხადეთ, ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება, შეერთებული შტატები ახლა ემზადება, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, -ნათქვამია განცხადებაში.