
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით
05/12/2024 06:04:29 სამართალი, საზოგადოება
პოლიციამ სისხლის სამართლის მუხლით თბილისში დააკავა 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.
გამოძიების თანახმად, „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.
დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია სულ 15 პირი. მათგან 7-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ან ნივთის დაზიანება და 7-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. 1 დაკავებულია აფეთქების მომზადების ბრალდებით.
საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ბრალდებით დააკავა 300-მდე პირი. დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის არაერთიო შემთხვევა.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.