
ბოკუჩავა და ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ
17/02/2020 10:33:27 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციონერი პარლამენტარები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუშავა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ.
მათი თქმით, "ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილის "მონები არიან".
ბოკუჩავამ და ხოშტარიამ მმართველი გუნდის წევრებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პოსტერებიც დაურიგეს. "აღნიშნული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან", – აცხადებენ ოპოზიციონერი პარლამენტარები.
მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოსმენა მიმდინარეობს. პარალელურად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, ხსენებულ თანამდებობაზე შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ვერ იქნება.
პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. აქტივისტების განცხადებით, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ცნობისთვის: ხვალ შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან „სირცხილის დერეფნის“ მოწყობას აანონსებს.